Thursday, April 7, 2011

კავკასიის ფლორა და ფაუნა

საქართველოს შესახებ

ფლორა და ფაუნა

მრავალფეროვანი ბუნებრივი კომპლექსების მოქმედების შედეგად, ამ მცირე ჰიფსომეტრიული ამპლიტუდის მქონე რეგიონში ჩამოყალიბდა მკაფიოდ გამოკვეთილი ხუთი მცენარეული ტიპი — უდაბნო, ნახევარუდაბნო, არიდული მეჩხერი ტყე, სტეპი და ფოთლოვანი ტყე და ოთხი ინტრაზონალური ტიპი — კლდეთა ქსეროფიტები, ჭალის ანუ მდინარისპირა ტყეები, მთისწინების ძეძვიანი და კირქვიანის მცენარეულობა. ხმელეთის ასეთ მცირე ფართობზე მცენარეული ტიპების ამგვარი სწრაფი ცვლა საქართველოს არცერთ კუთხეში არ შეინიშნება.

ნახევარუდაბნოს მცენარეულობაში გამოიყოფა ავშნიან-უროიანი და ავშნიან-ჩარანიანი ფორმაციები. ბუჩქბალახები: ავშანი (Artemisia fragrans), ჩარანი (Salsola ericoides), უფრო მცირე რაოდენობით ყარღანი (Salsola dendroides), იშვიათად წითელწვერა (Kochia prostrata).

ღვიიანი ფორმაციის შემქმნელი სახეობებია ხემაგვარა ღვიები: შავი ღვია (Iuniperus foetidissima) და მრავალნაყოფა ღვია ((I. polycarpos).

ღვიიან-საკმლისხიანების ფარგლებში მცირე ფრაგმენტებად წარმოდგენილია ბროწეულის (Punica granatum), კოწახურის (Barberis iberica), მაყვლის (Rubus sanguineus), მაწაკის (Imperata cilindrica), ქენდირის (Apocynum sibiricum), ერიანტუსისა (Erianthus purpurascens) და სხვ. დაჯგუფებანი. დათვის ხევში, რიყის გასწვრივ მცირე მონაკვეთზე მესამეული პერიოდის რელიქტის — თურანულას (Populus euphratica) ერთადერთი ადგილსამყოფელია საქართველოში.

ღვიიან-საკმლისხიანებში საკმაოდ ბევრია საქართველოსთვის ენდემური სახეობა. ესენია: Torularia eldarica, Galatella eldarica, ასევე იშვიათი სახეობები: Astragalus phseudoutriger, A. sphaerocephalus, Edisarum ibericum, Leptorhabdos virgata, Caccinia Rauwolfii, Tulipa Eichleri და სხვ.

ტყის შემქმნელი ძირითადი სახეობებია: ხემცენარეებიდან — საკმლის ხე (Pistacia mutica), ხემაგვარი ღვიები (Iuniperus foetidissima, I. polycarpus, I. rufescens); მათ მშრალი ხევების გასწვრივ ემატება — კავკასიური აკაკი (Celtis caucasica), ქართული ნეკერჩხალი (Acer ibericum), თელა (Ulmus foliacea); ბუჩქებიდან — ძეძვი (Paliurus spina-christi), შავჯაგა (Rhamnus Pallasii), მენახირის ბალი (Cerasus microcarpa, incana), ჟასმინი (Iasminum fruticans), თრიმლი (Cotinus coggygria), ქართული ცხრატყავა (Lonicera iberica); მშრალი ხევების გასწვრივ — ქართული კოწახური (Berberis iberica), ბროწეული (Punica granatum) და სხვა.

ბალახოვნებიდან აღსანიშნავია: ყარღანი, შოროქანი და ნაცარქათამასებრთა ოჯახის ერთწლოვანი სარეველა მცენარეები. გამოსარჩევია ჰალოფიტი ბუჩქ-ბალახი Kalidium caspicum, რომელიც ძალიან იშვიათია საქართველოსათვის. ხეობის მარჯვენა მხარეზე, თაბაშირის შემცველ თიხიან ფერდობზე, დეკორატიული ბუჩქის — Eversmania subspinosa-ს ერთადერთი ადგილსამყოფელია საქართველოში. მასთან ერთად მრავლადაა დეკორატიული ეიხლერის ტიტა (Tulipa Eichleri) და ეფემეროიდი ტუბერ-გორგლიანი (Bongardia chrisogonum). ყაშებ-შავი მთის ფარგლებში ტყის ძირითადი შემქმნელი სახეობაა ქართული მუხა (Quercus iberica).

რელიეფის ხასიათის მიხედვით მუხნარი ფორმაცია სხვადასხვა ვარიანტებითა და ასოციაციათა კომპლექსებით წარმოგვიდგება. შედარებით შემაღლებულ უბნებზე ქართული მუხა მცირდება, რცხილას (Carpinus caucasicaა) უთმობს ადგილს და რცხილნარის ფორმაცია ყალიბდება მერქნიანთა შედარებით მეზოფილური სახეობებით. მდინარე ალაზნის პირა ჭალის ტყის ძირითადი შემქმნელი სახეობებია: ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora), ვერხვები (Populus canescens, P. nigra), იფანი (Fraxinus excelsior); ერთეულებად შემორჩენილია კაკალი (Iuglans regia) და სხვ. მეორე იარუსს ქმნიან: თელა (Ulmus foliace), ტყემალი (Prunus divaricata), კუნელი (Crataegus monogina), ზღმარტლი (Mespilus germanica), შინდანწლა (Svida australis), ტირიფი (Salix alba), კვიდო (Ligustrum vulgaris), თუთა (Morus nigra, M. alba), შვინდი (Cornus mas) და სხვ. მდიდარია ლიანების შემადგენლობაც: სურო (Hedera pastuchovii), კრიკინა (Vitis sylvestris), კატაბარდა (Clematis vitalba), ღიჭი (Smilax excelsa), ღვედკეცი (Periploca graeca), სვია (Humulus lupulus) და სხვ. ბალახოვნებიდან აღსანიშნავია: ისლი, შალამანილი (Salvia glutinosa), ქრისტესბეჭედა (Sanicula europaea), იები (Viola alba, V. odorata), ბერსელა (Brachypodium silvaticum) და სხვ. ბევრია სარეველა სახეობები.

ნაკრძალი სახეობრივი მრავალფეროვნებით ხასიათდება. ამ ფარდობითად მცირე ტერიტორიაზე გავრცელებულია 46 სახეობის ძუძუმწოვარი, 135 სახეობის ფრინველი, 30 სახეობის ქვეწარმავალი და ამფიბია, 16 სახეობის თევზი, უამრავი სახეობის მწერი და უმარტივესი (ამ უკანასკნელთა სრული სახეობრივი შემადგენლობა ჯერ კიდევ დაუდგენელია).

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფაუნა — ყურადღებას იპყრობს როგორც სახეობათა მრავალგვარობით, ასევე მათი მნიშვნელობითაც. ამ ტერიტორიებზე ბინადრობს: დათვი (Ursus arctos), ფოცხვერი (Lynx lynx), მგელი (Canis lupus), გარეული ღორი (Sus scrofa), წავი — (Lutra lutra), სვავი (Aegypius monachus), ორბი (Gyps fulvus), ბექობის არწივი (Aqila heliaca), ფასკუნჯი (Neophron percnopterus), კაკაბი (Alectoris chukar), ბატკანძერი — (Gipaetus barbatus), გველიჭამია არწივი ანუ ძერაბოტი (Circaetus gallicus), ველის არწივი (Aquila nipalensis), შაკი (Pandion haliaetus), შევარდენი (Falco peregrinus), ხოხობი (Phazianus colchicus), გნოლი (Perdix perdix), დურაჯი (Francolinus francolinus), წითელთავა ღაჟო (Lanius senator), ყვითელთავა ნარჩიტა (Regulus ignicapuls), ტუგაის ბულბული (Cercotrichas galactotes) და სხვები.

2003 წლის შემოდგომაზე დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე ნაკრძალში სახეობათა კონსერვაციის შენარჩუნების ცენტრის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს წინააზიური ლეოპარდის ნაკვალევი. შემდგომში მოხერხდა ამ ცხოველის 9 ფოტოს გადაღება ფოტოხაფანგების საშუალებით.

ოთხმოციანი წლების ბოლომდე შეინიშნებოდა გადაშენების პირას მისული ჩლიქოსანი ცხოველი — ქურციკი (Gazela subgutturossa). ცალკეული ინდივიდების სახით დღესაც გვხვდება გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ზოლებიანი აფთარი (Hyaena hyaena), აქვე გვხვდება სტეპისათვის დამახასიათებელი დღეისათვის იშვიათი ფრინველთა სახეობების, სავათისა (Otis tarda) და სარსარაკის (Tetrax tetrax) მცირერიცხოვანი გუნდები. ისინი შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში. ნანახია შავი ყარყატის (Ciconia nigra) ბუდე.

ქვეწარმავალთაგან აღსანიშნავია ხმელთაშუაზღვის კუ (Testudo graeca), დასავლური მახრჩობელა (Eryx jacululs), აზიური თვალტიტველა ხვლიკი (Ablepharus pannonicus), გრძელფეხება სცინკი (Eumeces shneideri), გიურზა (Vipera lebetina), ოთხზოლიანი მცურავი (Elaphe guatuorliniata) და სხვები.

მდინარეებში გავრცელებულია ლოქო (Silurus glanis), ფარგა (Lucioperca lucioperca), ამიერკავკასიური ბლიკა (Blicca bjoerkna), კობრი (გოჭა) (Cyprinus carpio), შამაია (Chalacalburnus chalcoides), მდინარის ღორჯო (Gobius cephalarges), წვერა (Barbus lacerta), კავკასიური ქაშაპი (Leuciscus cephalus) და სხვა.

ზოგიერთი სახეობა ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაშია შეტანილი.საქართველოს ბუნება მრავალფეროვანია. აქ ორიგინალურად არის შეხამებული მშრალი პეიზაჟები ნესტიან სუბტროპიკებთან.
საქართველო, თავისი ეკოლოგიური თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. საქართველოში არსებობს 500-ზე მეტი მინერალური წყალი, როგორებიცაა: ბორჯომი, ბახმარო, საირმე, ნაბეღლავი, ზვერე, ჯავალი და სხვა.

მსოფლიოს 4000 სახეობის რეგისტირებულ ღვინოთა შორის 500 სახეობა არის ქართული.

ქვეყანაში არის 4000-დან 4500-მდე ნაირსახეობის სისხლძარღვიანი მცენარეები, რომელთა შორის დაახლოებით 15% არის მხოლოდ კავკასიური ჯიშის. მათგან 300 სახეობა მხოლოდ ქართულია. აქვე ხარობს პიონის 10 სახეობა და 11 თეთრყვავილას ჯიში.
ფრინველთა დაკვირვებისათვის საქართველო, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, სამოთხეა. აქ ბინადრობს 360 ფრინველის სახეობა, 4 სვავისა და 11 არწივის. აღსანიშნავია, რომ მათ შორის 4 სახეობა სხვაგან არ ბინადრობს.

დღემდე ტყით დაფარულია 2,7 მილიონი ჰექტარი მიწა (38,6% საქართველოს ტერიტორია), საიდანაც მხოლოდ 59,500 ჰექტარი არის ხელოვნურად გაშენებული და ბუნებრივი ტყეებიდან 6% არის ხელშეუხებელი.

კავკასიის მცენარეული სამყაროს მრავალფეროვნებას განაპირობებსმის ფიზიკურ-გეოგრაფიული ფაქტორთა სხვადასხვაგვარობა და გეოლოგიური წარსული. კავკასიის მცენარეულობა თავისი შემადგენლობით ჰგავსევრაზიისა და აფრიკის რეგიონთა მცენარეულობას. გვხვდება სხვადასხვა გეოლოგიური ასაკის მცენარეული ფორმაციაც, მათ შორის მესამეული ხანის რელიქტური ტყეების, უძველეს ხმელთაშუაზღვისპირეთის მთის ქსეროფიტებისა და სხვა მცენარეულობის ტიპები, რომლებიც ზონალურად შემდეგნაირადაა განლაგებული: აღმოსავლეთ იმიერკავკასიაში, აღმოსავლეთ და სამხრეთ ამიერკავკასიის დაბლობებსა და მთისწინეთში, ნაწილობრივ, 1000-1400 მ სიმაღლის ქვესარტყელში, უდაბნო და ნახევარუდაბნოა.

უდაბნოში ძირითადად იზრდება აბზინდა ანუ ავშანი, მლაშობურები და სხვა. სამხრეეთ ამიერკავკასიაში თავისებული ღორღიანი უდაბნოა (ე. წ. ჰამადა) ვიწროფოთოლა ფარსმანდუკითა და სხვა. ნახევარუდაბნოში აბზინდასთან ერთად ხარობს წივანა, კაპუეტა, ვაციწვერა, ურო და სხვა. ველი (სტეპი) გავრცელებულია დასავლეთ იმიერკავკასიის ბარში, კავკასიონზე, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მთისწინეთსა და მცირე კავკასიონზე 2600 მ სიმაღლემდე. აქ ხარობს ვაციწვერა, წივანა, კეწეწურა, ქსეროფილური ისლები, ნაირბალახები და პარკოსნები. უფრო ხშირია ნაირბალახოვან-ვაციწვერიანი, წივანიან-ვაციწვერიანი და წივანიანი ველები. ჩრდილოეთ კავკასიის მთისწინეთში, სტეპისა და ფოთლოვანი ტყის სასაზღვრო ზოლში ლანდშაფტურად გამოსახულია ტყე-სტეპი. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მთისწინეთში თავისებურია უროიანები, უროიან-ვაციწვერიანები და სხვა. მთის სტეპი (1800-2600 მ სიმაღლემდე) მეტწილად წივანიან-წურწუმიანი და ვიწროფოთოლა ვაციწვერიანია. შედარებით უფრო ტენიან პირობებში ვითარდება ნაირბალახოვანი სტეპი - მდელოსტეპი. ზოგან (3000 მ სიმაღლემდე) ზონალურად მთის სტეპებთან შეთავსებულია ნარეკლიანები (ფრიგანა) — მთის ქსეროფილური მცენარეულობა: გლერძიანები, ზღარბიანები, ესპარცეტიანები, ურციანები, ბეგქონდარიანები და სხვა. ამავე სარტყელშია ქსეროფილური მეჩხერი ტყეები (ნათლი ტყეები, არიდული მეჩხერი ტყეები) ღვიითა და ფოთლოვანი ჯიშებით (ბერყენა, აკაკი, სარკმლის ხე და სხვა), აგრეთვე ჯაგელიანი ბუჩქნარი (შიბლიაკი). კავკასიის დიდი ნაწილი (მთიანეთი ტყიანია. ტყეები გავრცელებულია დაბლობიდან 2700 მ სიმაღლემდე. დაბლობის ტყეების მტავარი მასივები, უმეტესად მუხნარები, გავრცელებულია კოლხეთში (იმერული მუხის მუხნარები); აქ ხშირია დაჭაობებული მურყნარები ლიანებითა და ხშირად მარადმწვანე ქვეტყით; მდინარეთა ნაპირებზე — ლაფნიან-მურყნარები, რომლებშიც სხვა ფოთლოვანი ჯიშებიცაა შერეული.

თალიშის დაბლობის ტყეებისთვის დამახასიათებელია ლენქორანული ხერკინა, წაბლფოთოლა მუხა, ჰირკანული ძელქვა, პირკანული ვერხვი და სხვა; მდინარისპირა ტყეებისათვის — ჰირკანული მურყანი, ლაფანო, ჰირკანული ბოკვი და სხვა. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ბარის სხვა დაბლობ ტყეებში გაბატონებულია ჭალის მუხა, რომლის თანადომინანტებია:ალაზან-აგრიჩაის ვაკეზე — ჩვეულებრივი მურყანი, ლაფანი, ჩვეულებრივი და თუთუბოფოთოლა იფანი, ზოგან ჰირკანული ბოკვი, თელა და სხვა, კასპიისპირა კავკასიონზე (ჩრდილოეთი აზერბაიჯანი, სამხრეთი დაღესტანი) — შებუსვილი მუხა. მდინარისპირა ტყეებში (ჭალის ტყე, ტუგაი), რომლებიც ინტრაზონალურად მოქცეულია ამიერკავკასიის უდაბნოს სარტყელში, ჭალის მუხის გარდა ხარობს ხვალო, თელა, ტირიფი, სოსნოვსკის ოფი და სხვა. იმიერკავკასიის ჭალის ტყეებს კი ქმნიან ყუნწიანი მუხა, თეთრი ხვალო, ოფი და სხვა.

კავკასიისთვის უნიკალურია სამხრეთ ამიერკავკასიის აღმოსავლური ჭადრის ჭალის ტყე. ჭალის ტყეებს თან ახლავს ლიანები (ეკალღიჭი, ღვედკეცი, კატაბარდა და სხვა). დასავლეთ ამიერკავკასიის მთის ქვესარტყელში, ნაწილობრივ მთისწინეთისა და შუა სარტყელში, 200-დან 1200 მ სიმაღლემდე გავრცელებულია რელიქტური კოლხური ტყე — მრავალდომინანტური შერეულფოთლოვანი ტყე, სადაც ხარობს წაბლი, აღმოსავლური წიფელი, კოლხური და ქართული (უფრო ნაკლებად) მუხა, კავკასიური რცხილა, ჩვეულებრივი მურყანი და სხვა. ა, ტყის თავისებურებაა აგრეთვე მარადმწვა ქვეტყე (შქერი, წყავი, ბაძგი) და ლიანები (კოლხური და ჩვეულებრივი სურო და სხვა). წაბლნარები გვხვდება უმთავრესად მთის ქვესარტყელში, ზოგან უფრო დაბლაც, ხოლო ამავე მთისწინეთში — კოლხური მუხნარები (იმერული, კოლხური და, ნაწილობრივ, ქართული მუხა); კირქვებზე ჯაგრცხილნარ-მუხნარებია; აფხაზეთში განსაკუთრებულია მანანიანი მუხნარები. ასეთივე რელიქტური შერეულფოთლოვანი ჰირკანული ტყეებია თალიშის მთების ქვესარტყელშიც, 600 მ სიმაღლემდე. ამ ტყეებში ხარობს წაბლფოთოლა მუხა, ლენქორანული ხერკინა, ძელქვა, რცხილა, წიფელი, კასპიური ტყემალი და სხვა. სამხრეთ ნაწილის ტყეებში — ლენქორანული ალბიცია და კასპიური გლედიჩია. მარადმწვაბე ქვეტყეში ჰირკანული თაგვისარა, იშვიათად, ჰირკანული ბაძგი და სხვა. შუა სარტყელში, 1300 მ სიმაღლემდე, გაბატონებულია წაბლფოთოლა მუხის მუხნარები, რომელსაც სარტყლის ზედა ზოლში განსხვავებული ექსპოზიციის ფერდობებზე ენაცვლება წიფლნარები, უფრო მაღლა - ქართული მუხის მუხნარები.

აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სხვა მხარეში და კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე ქვედა, ზოგან კი შუა სარტყელშიც (400-1600 მ) ფიტოლანდშაფტს ქმნის მუხნარები, რცხილნარები, ჯაგრცხილნარ-მუხნარები და სხვა. სარტყლის ზედა ხელში მუხნარებთან მორიგეობენ წიფლნარები.

ამიერკავკასიის მთისწინეთში ძელქვა და მუხა ქმნიან მუხნაძელქვიანებს, ზოგან კი ძელქვის წმინდა კორომებია. თითქმის მთელ კავკასიაში (სამხრეთ ამიერკავკასიის და კავკასიონის აღმოსავლეთ რაიონების გარდა), 600-2000 მ სიმაღლეზე გავრცელებულია წიფლნარები, რომელთა ზონალურობა კარგად არის გამოსახული მთის შუა და ზედა სარტყელში, თუმცა კოლხეთში წიფელი (სხვა ჯიშებთან შერეული ან მცირე კორომებად) ბარშიც იზრდება.

დასავლეთ ამიერკავკასიაში ხშირია წიფლნარები მარადმწვანე ქვეტყით, ხოლო კავკასიის სხვა ნაწილში — ბალახოვანი და მკვდარი საფრით. ზოგან 800-1500 მ სიმაღლეზე მუხნარებთან დაკავშირებულია უთხოვრიანები და წიფლნარ-უთხოვრიანები; ამავე სარტყელში მცირე რაოდენობით გვხვდება წალნარები და წიფლნარ-წაბლნარები.

მუქწიწვოვანი ტყეები — ნაძვნარი (აღმოსავლური ნაძვისა) და სოჭნარი (კავკასიური სოჭისა) ხშირად წიფლის თანადომინანტობით, მარადმწვანე ქვეყტითა და ბალახოვანი საფრით გავრცელებულია დასავლეთ ამიერკავკასიაში, კავკასიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში (დაახლოებით მანგლისის მერიდიანამდე), 100 მ-იდან (კოლხეთში უფრო დაბლაც) 2100 მ სიმაღლემდე. აღმოსავლეთ და სამხრეთ ამიერკავკასიაში ეს სარტყელი შენაცვლებულია მუხნარებით და წიფლნარებით. ფიჭვნარებს ქმნის 5 სახეობის ფიჭვი: შავი ზღვის სანაპიროზე 400 მ სიმაღლემდე ალაგ-ალაგ მცირე კორომებს ქმნიან ყირიმული და ბიჭვინთის ფიჭვები; სამხრეთ აჭარაში — მცირეაზიური (კოხის) ფიჭვი (ქართული და აქა-იქ ჭოროხული მუხების თანადომინანტობით); ცენტრალურ ამიერკავკასიაში 600 მ სიმაღლემდე იზრდება ელდარის ფიჭვის მეჩხერი ტყე; კავკასიაში (უმთავრესად კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე) 1000-2000 მ სიმაღლეზე თითქმის ყველგანაა კავკასიური (სოსნოვრის) ფიჭვის ტყეები. ტყის სარტყელში ხეობებში შერეულფოთლოვანი ტყეებია. მთის ტყის სარტყლის ზემოთ (1700-2300 მსიმაღლეზე) სუბალპური მცენარეულობაა: ტანბრეცილი და მეჩხერი ტყეები, ბუჩქნარები, მაღალბალახეულობა და მდელოები. სუბალპური ტყეებია უმთავრესად ტანბრეცილი წიფლნარები და არყნარები, მეჩხერი ტყეები (აღმოსავლური მუხის და მაღალმთის ბოკვისა), აგრეთვე ხშირია ფიჭვნარი და სოჭნარი, ხოლო კავკასიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან ღვიიანებიც გვხვდება. სუბალპური ბუჩქნარები ძირითადად დეკიანები და იელიანებია, ბევრგან — ტირიფიანებიც. დასავლეთ კავკასიაში — აგრეთვე შქერიანები და თხილიანები, აღმოსავლეთ და სამხრეთ რაიონებში — ქონდარა ღვიიანები. კავკასიის დასავლეთ ნაწილში ფართოდ არის გავრცელებული სუბალპური მაღალბალახეულობა, რომელიც აღმოსავლეთ და სამხრეთში მცირდება და ღარიბდება ფლორისტიკულად. სუბალპური მდელოები მოიცავს ნამიკრეფიანებს, ბრძამიანებს, ძიგვიანებს, წივანიანებს, ისლიანებს, მარცვლოვან-ნაირბალახოვნებს, ნაირბალახოვნებს და სხვა.

ალპური მცენარეულობა (დეკიანები, ჭრელწივანიანები, ძიგვიანები და სხვა) გვხვდება 2200-3100 მ სიმაღლეზე. დიდი ფართობი უკავია გაძოვების შედეგად წარმოქმნილ მეორეულ ხალებს (მარმუჭიანები, ფესვმაგარიანები და სხვა); 2200-2700 მ სიმაღლეზე დამახასიათებელია ნაირბალახოვან-მარცვლოვნიანი და მარცვლობნიანი მდელოები, კოლხეთის კიქვებზე — ენდემური ისლიანგეუმიანები. 2700-3100 მ სიმაღლეზე კი ძირითადად ალპური ხალებია, კორდოვანი ისლიანები, წივანიანები, კობრეზიანები და სხვა. სუბნივალურ სარტყელში (3100-3600 მ სიმაღლეზე) შეკრული მცენარეული საფარი აღარ არის, მას ეკარგება ლანდშაფტური მნიშვნელობა, თუმცა გვხვდება ზედა ალპური მცენარეულობის ფრაგმენტები; მცენარეთა განლაგება აქ მეჩხერ-ჯგუფურია; მთელი რიგი მიკროფიტოცენოზებისა შექმნილია ენდემური გვარებით. ნივალურ სარტყელში (4000 მ-ზე მაღლა), სადაც შიშველი კლდეების, მარადი თოვლისა და მყინვარების ლანდშაფტია, იზრდება ყვავილოვანი მცენარეების 15-20 სახეობა.

მცენარეული ტიპების მთელი რიგი ინტრაზონალური ხასიათისაა. მაგ., ჭაობისა და წყლის მცენარეულობა გავრცელებულია დაბლობიდან მოკიდებული ალპურ სარტყლამდე. კასპიისზღვისპირეთის დიუნების მცენარეულობა შუა აზიის ქვიშიანი უდაბნოების მცენარეულობის მსგავსია (ე. წ. ლიტორალური უდაბნო). აქ იზრდება ლეიმუსი, ქვიშიანის აბზინდა, სპარსული ხვართქლა და სხვა. მისგან განსხვავებით შავი ზღვის რიყის — ქვიშიან-ქვიშიანი პლაჟის (ლიტორალის) მცენარეულობა სანაპიროს რძიანით, ზღვისპირული ნარით, ყაყანურით, ზღვისპირული შროშნით, კოლხური ისლით და სხვა. მსოფლიოში 27 ხორბლის სახეობა არსებობს, რომელთაგან 14 სახეობა მოიპოვება საქართველოში და 6 სახეობა ადგილობრივია.


ცხოველთა სამყარო
კავკასიაში ნაირფეროვანია და წარმოადგენს ევროპული, შუააზიური და აფრიკული სახეობებისგან შექმნილ ფაუნისტურ კვანძს. ძუძუმწოვრებიდან ენდემურია 2 სახეობის ჯიხვი (დასავლეთ კავკასიური და დაღესტნური). ენდემურია აგრეთვე ალპური მდელოების ბინადარი პრომეთეს მემინდვრია. სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში ცხოვრობს მუფლონი, ალპური მდელოებზე — ნიამორი და არჩვი. აღმოსავლეთ კავკასიის ველებზე გვხვდება ქურციკი და ზოლებიანი აფთარი, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კავკასიაში - საიგა; ტყეებში მრავლადაა ირემი, შველი, გარეული ღორი, მურა დათვი, ფოცხვერი, ტყის კატა, მგელი, ტურა, მელა, ტყისა და თეთრყელა კვერნები, მაჩვი. კავკასიის სამხრეთ ნაწილში ალაგალაგ გვხვდება ჯიქი, ლელიანის კატა, ბრუცა, ხოლო თალიშის მთებში - მაჩვ-ზღარბი; ტყეებში ბინადრობს კავკასიური ციყვი, ძილგუდა, ტყისა და ყვითელყელა თაგვი. მრავაკგანაა წყლის მემინდვრია, ალაგ-ალაგ გვხვდება მიწის კურდღელი. მრავალადაა კურდღელი, სხვადასხვაგვარი ღამურა, მწერიჭამიებიდან — თხუნელა, ბიგა, კბილთეთრა, ფუღუ და სხვა.

ფრინველებიდან ენდემურია კავკასიური და კასპიური შურთხი, კავკასიური როჭო, კოლხური ხოხობი, შანთვალა ჩხიკვი. ბევრგანაა კაკაბი, გნოლი, იშვიათად გვხვდება დურაჯი. აღმოსავლეთ კავკასიის ველებზე გამოსამთრებლად მოფრინავს სავათი და სარსარაკი. მთამაღალზე ბინადრობს მთის არწივი, ორბი, ბატკანძერი, მაღრანი, ალპური მთიულა და სხვა.

ქვეწარმავლებიდან გვხვდება ხმელეთისა და წყლის კუ, გეკონები, ჯოჯო, ხვლიკები, ველის მახრჩობელა, მცურავები, ანკარები, გიურზა, ცხვირრქოსანი გველგესლა, ენდემური კავკასიური გველგესლა და სხვა.

ამფიბიებიდან — ენდემური კავკასიური ბაყაყი, კავკასიური ჯვრიანა, კავკასიური სალამანდრა (ეკუთვნის ენდემურ გვარს) და სხვა; წყალსატევებში ბევრია კალმახი, მურწა, წერი, შამაია, ხრამული, კობრი, ზოგან ზუთხი, ორაგული და სხვა. უხერხემლო ცხოველთაგან ბევრია ენდემური სახეობა. კავკასიაში ობობების 1002 სახეობა ბინადრობს.


დროთა განმავლობაში კავკასიის ფაუნა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ბევრი სახეობა მოისპო, მაგ., 10 საუკუნის წინ — ლომი და კულანი (გარეული ვირი), XVII საუკუნეში — ავაზა, XVIII საუკუნეში — თახვი და ლოსი, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში - კავკასიური დომბა და თურანული ვეფხვი. კავკასიაში აკლიმატიზებულია ნუტრია და ენოტისებრი ძაღლი, ალთაური ციყვი (ჩრდილოეთ კავკასიაში), თელეთური ციყვი, ამერიკული წაულა (საქართველო, აზერბაიჯანი), ენოტი (აზერბაიჯანი) და სხვა.

ქართული მეცხვარე ძაღლი, რომელსაც 19-ე საუკუნეში რუსებმა კავკასიური ნაგაზი უწოდეს, არის მსოფლიოში საუკეთესო მცველი ჯიშის ძაღლებს შორის.





























Copyright © 2009 Concord Travel. All rights reserved.

No comments:

Post a Comment